მთავარი > ფსიქოლოგია > მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება

მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება

  მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების  შესახებ საუბარს თქვენი ყოველდღიური   გამოცდილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი  ჭეშმარიტებით დავიწყებთ: თქვენ ცხოვრობთ  სამყაროში, რომელიც სავსეა გაურკვევლობით. გადაიხდით თუ არა 9 დოლარს იმ ფილმის სანახავად, რომელიც შეიძლება ან მოგეწონოთ ან _ არა? გამოცდის წინ თქვენი ჩანაწერების სწავლას ამჯობინებთ თუ სახელმძღვანელოს ხელახლა გადაკითხვას? მზად ხართ თუ არა ხანგრძლივი ურთიერთობისთვის? რადგან მომავლის შესახებ მხოლოდ ვარაუდი შეგიძლიათ და რადგან თითქმის არასოდეს გაგაჩნიათ სრული ცოდნა წარსულის შესახებ, თქვენ ძალიან იშვიათად შეიძლება იყოთ დარწმუნებული, რომ სწორად იმსჯელეთ, ან სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. ამგვარად, მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესები უნდა უზრუნველყოფდნენ განუსაზღვრელობის შემცირებას. კოგნიტური ფსიქოლოოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჰერბერტ საიმონი (Herbert Simon) წერს: _ ,,იმ რთულ გარემოსთან შედარებით, რომელშიც ადამიანს უხდება ცხოვრება, მისი აზროვნების ძალა მეტად მოკრძალებულია“. ის უნდა დაკმაყოფილდეს პრობლემების ,,საკმაოდ კარგი“ გადაწყვეტითა და მოქმედებების ,,საკმოდ კარგი“ გეგმით . აქედან გამომდინარე, საიმონი ვარაუდობს, რომ აზროვნების პროცესები იმართება შეზღუდული რაციონალურობით. შესაძლოა, თქვენი მსჯელობა და გადაწყვეტილება არ იყოს ყოველთვის მაქსიმალურად კარგი და რაციონალური, რაც განპირობებულია შეზღუდული რესურსების ისეთ სიტუაციაში გამოყენებით, რომელიც სწრაფ მოქმედებას მოითხოვს.
სანამ შეზღუდული რაციონალურობის შედეგების უფრო დეტალურ ანალიზზე გადავიდოდეთ, განვიხილოთ განსხვავება მსჯელობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს შორის. მსჯელობის პროცესში თქვენ აყალიბებთ მოსაზრებებს, გამოგაქვთ დასკვნები და ახდენთ ადამიანებისა და მოვლენების კრიტიკულ შეფასებას; ხშირად თქვენ მსჯელობთ სპონტანურად, მოტივაციის გარეშე. გადაწყვეტილების მიღება კი რამდენიმე ალტერნატივიდან ერთ-ერთის ამორჩევას, შესაძლო ვარიანტების სელექციასა და უარყოფას გულისხმობს. მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება ორ ურთიერთდაკავშირებულ პროცესს წარმოადგენს. მაგალითად, შეიძლება ვიღაცას შეხვდეთ წვეულებაზე და ხანმოკლე საუბრისა და ცეკვის შემდეგ ეს ადამიანი ჩათვალოთ საინტერესო, ჭკვიან, პატიოსან და გულწრფელ პიროვნებად. შემდეგ თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ დანარჩენი დრო წვეულებაზე გაატაროთ მასთან ერთად და დათქვათ შეხვედრა მომავალი კვირისათვის; გადაწყვეტილების მიღება მჭიდროდ უკავშირდება ქცევას. დავუბრუნდეთ აზროვნების ამ ორი ტიპის კვლევას.

ევრისტიკა და მსჯელობა
რომელია მსჯელობის საუკეთესო გზა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გეკითხებიან: _ მოგეწონათ თუ არა ფილმი? ამ კითხვაზე საპასუხოდ თქვენ მოგიწევთ ცხრილის შევსება, რომლის ერთ მხარეს აღნიშნავთ, თუ რა მოგეწონათ ფილმში, ხოლო მეორე მხარეს – რა არ მოგეწონათ და ნახავთ, რომელი სვეტი გამოგივათ უფრო გრძელი. იმისათვის, რომ თქვენი შეფასება უფრო ზუსტი იყოს, თქვენ კარგად უნდა აწონ-დაწონოთ ყოველი დებულების წილი თითოეულ მხარეს. მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით (მაგალითად, თქვენთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ,,მსახიობის შესრულება“ (პლუსების მხარე), ვიდრე _ ,,გახმოვანების ეფექტები“ (მინუსების მხარე). თუ მთელ ამ პროცედურას ჩაატარებთ, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ მსჯელობაში, მაგრამ ეს მხოლოდ სავარჯიშოა, რომელსაც იშვიათად აკეთებთ. რეალურ ცხოვრებში თქვენ უფრო ხშირად და სწრაფად გიწევთ მსჯელობა, არ გაქვთ დრო, ანდა საკმარისი ინფორმაცია ამგვარი ფორმალური პროცედურისათვის. რას აკეთებთ ამის ნაცვლად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პირველად ამოს ტვერსკიმ და დანიელ კანემანმა სცადეს (Amos Tversky & Daniel Kahneman). ისინი ამტკიცებდნენ, რომ მსჯელობა ეყრდნობა ანალიზის უფრო ევრისტიკულ, ვიდრე ფორმალურ მეთოდებს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ევრისტიკა წარმოადგენს არამეცნიერულ, პრაქტიკულ მეთოდს, რომელიც ამცირებს მსჯელობის (გადაწყვეტილების მიღების) სირთულეს.
რა შემთხვევაში იყენებენ ადამიანები ამ პრაქტიკულ, გამოცდილებაზე დამყარებულ მეთოდებს? როგორც ქვემოთ ნახავთ, მკვლევრები უპირატესობას ანიჭებენ იმ გარემო პირობების აღწერას, სადაც აღნიშნული მეთოდების გამოყენება განაპირობებს შეცდომის დაშვებას. ამ ექსპერიმენტების ლოგიკა ასეთია: როგორც აღქმის ილუზიების შესწავლით შეიძლება აღქმის ბუნების გაგება და მეხსიერების შესწავლა – მეხსიერების დარღვევების შესწავლით, ასევე შესაძლებელია მსჯელობის პროცესების შესწავლა მცდარი მსჯელობების შესწავლით (Kahneman, 1991). როგორც მეხსიერების, აღქმისა და სხვა ფსიქიკური პროცესების შემთხვევაში, ამ დროსაც ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ მეთოდი და დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ აღქმა არასრულყოფილია და ფსიქოლოგებს შეუძლიათ დაგარწმუნონ თქვენი აღქმის მცდარობაში, კედელზე ვერ ივლით; შესაბამისად, მიუხედავად ევრისტიკული მსჯელობების გამო აღმოცენებული შეცდომებისა, თქვენ გვერდს უვლით კოგნიტური შეზღუდვის ბარიერებს.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ სრულიად კომფორტულად გრძნობთ თავს, როცა ასეთი ტიპის შეცდომებს უშვებთ? ამ შემთხვევაში აღქმასთან შედარება გარკვეულწილად არაადეკვატურია. აღქმის ილუზიების უმრავლესობა არ არის ცოდნაზე დამოკიდებული. ინტელექტუალური უნარები არ განაპირობებენ შეცდომების თავიდან აცილებას (ზოგიერთ შემთხვევებში ძალიან ჭკვიანი ადამიანებიც კი უშვებენ შეცდომებს).

მისაწვდომობის ევრისტიკა
ამ შემთხვევაში თქვენს დასკვნაზე, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს მისაწვდომობის ევრისტიკა: _ თქვენი დასკვნა ემყარება იმ ინფორმაციას, რომელიც უფრო მისაწვდომია მეხსიერებისათვის და უმრავლეს შემთხვევაში სწორ დასკვნამდე მივყავართ, ამიტომ განიხილება, როგორც სწორი. თუ, მაგალითად, თქვენ ფიქრობთ, რომ ბოულინგი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე პარაშუტით ხტომა, თქვენი დასკვნა ემყარება მისაწვდომობის ევრისტიკას. პრობლემები წარმოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა: _ (1) მეხსიერებაში ტენდენციური ინფორმაციის აქტივაცია ხდება; (2) მეხსიერებაში შენახული ინფორმაცია არ არის ზუსტი.

მსჯელობა (Judjment) _ პროცესი, რომლის საშუალებითაც ადამიანები აყალიბებენ მოსაზრებებს, აკეთებენ დასკვნებს და ახდენენ ადამიანების ან მოვლენების კრიტიკულ შეფასებას ხელმისაწვდომ მასალაზე დაყრდნობით; ფსიქიკური აქტივობის შედეგი.

გადაწყვეტილების მიღება (Decision making) _ ალტერნატივებს შორის არჩევის პროცესი, შესაძლო ვარიანტების სელექცია და უარყოფა.

ხელმისაწვდომობის ევრისტიკა (Availability heuristic) _ დასკვნა, რომელიც ეფუძნება მეხსიერებაში თავისუფლად ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
მნიშვნელოვან სამომავლო საკითხებზე მსჯელობისას უნდა გაითვალისწინოთ გუნება-განწყობილების გავლენა თქვენთვის მისაწვდომ ინფორმაციაზე და ჰკითხოთ საკუთარ თავს: _ ,,არის თუ არა რაიმე სპეციფიკური ჩემს გუნება-განწყობილებაში, რაც გავლენას მოახდენს მეხსიერებიდან ამოტანილ ინფორმაციაზე?“
მისაწვდომობასთან, როგორც მსჯელობის ევრისტიკასთან, დაკავშირებული მეორე სირთულე თავს იჩენს იმ შემთხვევაში, როცა მასზე გავლენას ახდენს მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია. ერთ-ერთი კვლევის დროს შეისწავლიდნენ კავშირს ტელევიზორის ყურებასა და შეერთებული შტატების მოსახლეობის საშუალო კეთილდღეობის შეფასებას შორის (O’Guinn & Shrum, 1997). ადამიანები, რომლებიც უფრო ხშირად უყურებენ „დინასტიისა“ და „დალასის“ ტიპის სერიალებს, ფიქრობენ, რომ ბევრ ამერიკელ დიასახლისს აქვს ტელევიზორი ან ჰყვას მოსამსახურეები. მკვლევრების აზრით, ეს კორელაცია იმით აიხსნება, რომ სატელევიზიო პროგრამები ქმნის კეთილდღეობის არარეალურ წარმოდგენას, რომელიც ადვილად მისაწვდომია მუდმივი მაყურებლისათვის. განვიხილოთ მეორე მაგალითი: _ ადამიანის მსჯელობა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის შესახებ (Brown & Siegler, 1992). . შეგიძლიათ თუ არა განალაგოთ ეს ოთხი ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მცირედან დიდისკენ:
ა. შვედეთი
ბ. ინდონეზია
ც. ისრაელი
დ. ნიგერია
კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ, რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა ქვეყნის შესახებ, მით უფრო მაღალია მის მიერ პოპულაციის რაოდენობის შეფასება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კორელაციაა ქვეყნების შესახებ ცოდნასა და იმას შორის, თუ რამდენჯერ იყო ის ნახსენები ,,ნიუ იორკ ტაიმს“-ის სტატიებში მიმდინარე წელს (სხვათა შორის, სწორი პასუხია: ისრაელი, შვედეთი, ნიგერია, ინდონეზია. შეგიყვანათ თუ არა შეცდომაში მისაწვდომობამ)?
როგორც ჩანს, ძნელია ენდოთ თქვენს კოგნიტურ პროცესებს, რადგან მასმედია თქვენთვის ხარვეზიანი მონაცემების მოწოდებას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანამდე, ინფორმაციის წყაროს გადამოწმებით თქვენ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ მისაწვდომობის გავლენას. დარწმუნებული ხართ, რომ რასაც ფიქრობთ, თქვენთვის ნამდვილად ცნობილია?

რეპრეზენტაციული ევრისტიკა

როდესაც მსჯელობა რეპრეზენტაციულ ევრისტიკას ეყრდნობა, თქვენ ითვალისწინებთ კატეგორიის არსებით ნიშნებს. მაგალითად, თუ საგანი ან მოვლენა ამ თუ იმ კატეგორიისათვის დამახასიათებელი ნიშნით ხასიათდება, მისი ამ კატეგორიისადმი მიკუთვნება ხდება. ევრისტიკის ეს ტიპი ნაცნობი უნდა იყოს თქვენთვის. ის გულისხმობს წარსული გამოცდილების საფუძველზე მსჯელობის აგებას მოცემულ, მსგავს პირობებში, რაც ინდუქციური დასკვნის არსს წარმოადგენს.
ურთიერთშეთანხმებული მახასიათებლებისა და კატეგორიების შესახებ ინფორმაციის არსებობის დროს, მიზანშეწონილია მსჯელობის აგება მსგავსების მიხედვით. ამრიგად, გადაწყვეტილების მიღებისას, შეუდგეთ თუ არა ვარჯიშს სპორტის ისეთ ახალ სახეობაში, როგორიცა პარაშუტით ხტომა, მიზანშეწონილი იქნება განსაზღვროთ, თუ რამდენად ჰგავს ის სპორტულ სახეობათა იმ კატეგორიას, რომელიც ადრე გიზიდავდათ. თუმცა, როგორც ქვემოთ ნახავთ, მსგავსებამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, თუ მისი გავლენით ყურადღებას არ მიაქცევთ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას (Kahnemean & Tversky, 1973).

რეპრეზენტაციული ევრისტიკა ¬¬(Representativeness heuristic) – კოგნიტური სტრატეგია, რომელიც მიაკუთვნებს ობიექტს გარკვეულ კატეგორიას, ამ კატეგორიისათვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშნის საფუძველზე.

ეს უკანასკნელი შედეგები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას: _ გაფრთხილებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. გამყიდველები ძალიან ხშირად იყენებენ „ღუზის“ ეფექტს, როცა ცდილობენ დაგარწმუნონ, იყიდოთ პროდუქცია. მაგალითად, თქვენ აპირებთ ახალი მაგნიტოფონის ყიდვას. გამყიდველმა შეიძლება გითხრათ: _ ,,თქვენ ვარაუდობთ 1 000 ან 2 000 დოლარის გადახდას, არა?“ მას შემდეგ, რაც მაღალ ფასზე განეწყობით, რეალური ფასი (მაგალითად 599, 99 დოლარი) უკვე მიზანშეწონილად გეჩვენებათ. ვფიქრობთ, ამ ნაწილის წაკითხვა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ „ღუზის“ უარყოფითი გავლენა; რაც მთავარია, თქვენ გაფრთხილებული ხართ, რომ წინდახედულება გამოიჩინოთ.
მსჯელობისას თქვენ იყენებთ ევრისტიკის ისეთ სახეებს, როგორიცაა: _ ხელმისაწვდომობა, რეპრეზენტაციულობა და „ღუზა“, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ისინი ეფექტური და მისაღები მსჯელობის შესაძლებლობას გაძლევთ. სიტუაციის გაურკვევლობიდან და თქვენი შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, თქვენ, გარკვეულწილად, მაქსიმუმს აკეთებთ. ჩვენ გიჩვენეთ, რომ ევრისტიკამ შეიძლება შეცდომამდე მიგიყვანოთ. მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების დროს შეეცადეთ გამოიყენოთ ეს ცოდნა და შეამოწმოთ საკუთარი აზროვნების პროცესები. განსაკუთრებით კრიტიკულად მიუდექით სხვების შესაძლო მცდელობას, წინასწარი განზრახვით ზეგავლენა მოახდინონ თქვენს მსჯელობაზე. ახლა განვიხილოთ გადაწვეტილების მიღება, რაც ხშირად სწორედ ამ მსჯელობის საფუძველზე ხდება.

გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია

როგორც ჩანს, ,,უპირატესობის“ მინიჭების შემთხვევაში ადამიანთა ყურადღება კონცენტრირებულია არჩევანის პოზიტიურ მხარეებზე _ თქვენ აგროვებთ აშკარა დამამტკიცებელ საბუთებს რაღაცის სასარგებლოდ მაშინ, როცა ,,გაუქმების“ მოთხოვნის შემთხვევაში ყურადღების კონცენტრირება არჩევანის ნეგატიურ ასპექტებზე ხდება _ თქვენ აგროვებთ ინფორმაციას რაღაცის წინააღმდეგ. ამიტომ, შესაძლოა, თქვენი გადაწყვეტილება შეიცვალოს.
ჩვენ გადაწყვეტილების მიღებაზე დიდ გავლენას ახდენს კითხვის ფორმულირება (Solvic, 1995), სწორედ ამიტომ საჭიროა გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიური ასპექტების ცოდნა. თქვენ უნდა შეგეძლოთ თქვენი გადაწყვეტილების შემოწმება, რათა დარწმუნდეთ, ექვემდებარება თუ არა ის დეტალურ ანალიზს. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ საკუთარ თავს: _ ,,როგორ შეიცვლებოდა ჩემი არჩევანი ამა თუ იმ ვარიანტის უარყოფის და არა არჩევის შემთხვევაში?“ თუ რომელიმე კონკრეტულ არჩევანს ერთ შემთხვევაში ანიჭებთ უპირატესობას, ხოლო მეორე შემთხვევაში უარყოფთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ბოლოს დასვით კითხვა: _ `მისაღებია თუ არა ეს არჩევანი?~ ეს თქვენი კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს.

არჩევანის ფორმა გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ ყველაზე ბუნებრივ გზას იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რომელი არჩევანი მოგვიტანს უდიდეს სარგებელს, ან უმცირეს დანაკარგს. ასე რომ, თუ შემოგთავაზებენ 5 ან 10 დოლარს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიხვდებით, რომ უკეთესია 10 დოლარის არჩევა. სიტუაციას ართულებს ის, რომ სარგებლის და დანაკარგის აღქმა ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმითაა არჩევანი მოცემული. „ფორმა“ წარმოადგენს არჩევანის დეტალურ აღწერას. წარმოიდგინეთ, რომ გეკითხებიან: _ `რამდენად გაგახარებდათ ხელფასის გაზრდა 1 000 დოლარით?~ თუ თქვენ არ ელოდებოდით ხელფასის მომატებას, ეს დიდი მიღწევა იქნება და ძალიან გაგაბედნიერებთ, მაგრამ მანამდე თუ რამდენიმეჯერ შეგპირდნენ ხელფასის 10 000 დოლარით გაზრდას, მაშინ როგორ ხასიათზე დადგებით? უეცრად შეიძლება ისეთი განცდა დაგეუფლოთ, თითქოს ფული დაკარგეთ, რადგან 1 000 დოლარი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თქვენ ელოდით; თუმცა, ორივე შემთხვევაში 1 000 დოლარით მეტს მიიღებდით წელიწადში _ ობიექტურად, თქვენ ზუსტად ერთნაირ მდგომარეობაში იქნებოდით, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტი ძალიან განსხვავებულია. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი ორიენტირები გადაწყვეტილების მიღებისას (Kahneman, 1992). რას განვიხილავთ მოგებად და რას _ დანაკარგად, ნაწილობრივ, განისაზღვრება მოლოდინებით – 1 000 დოლარის ან 10 000 დოლარის მომატება _ რომელზეც ორიენტირებულია ადამიანი (ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება ეხებოდეს სამსახურში დარჩენას).

ფორმა (Frame) – არჩევანის განსაკუთრებული აღწერა. გადაწყვეტილების მიღებაზე და არჩევანის გაკეთებაზე გავლენას ახდენს არჩევანის ფორმულირება, მისი ამა თუ იმ კუთხით წარმოდგენა.

როგორ შეგვიძლია ასეთი შედეგების საკუთარ ცხოვრებაში გამოყენება? რეალურ სამყაროში გადაწყვეტილების მიღება გიხდებათ, რომელიც მომავლის შესახებ თქვენს საკუთარ ან სხვების მოსაზრებას (ვარაუდს) ეყრდნობა. ასეთ შემთხვევებში, სცადეთ პრობლემის როგორც მოგების, ისე წაგების კუთხით განხილვა.
მანქანის გამყიდველის შემთხვევა იმ სიტუაციის საუკეთესო მაგალითია, როდესაც ვიღაც ცდილობს ინფორმაციის ისეთი ფორმით მოწოდებას, რომელიც საშუალებას მისცემს მას, სასურველი გავლენა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილებაზე. ასეთი რამ სისტემატურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში. მაგალითად, ყოველთვის, არჩევნების მოახლოებისას, ორი მოწინააღმდეგე კანდიდატი ცდილობს საკუთარი თავისა და სხვადასხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს ისე, რომ ამომრჩეველთა სიმპათია დაიმსახუროს. ერთმა კანდიდატმა შეიძლება თქვას: _ « ვთვლი, რომ უნდა გავაგრძელო იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც დღემდე წარმატება მოაქვს“, ოპონენტს შეუძლია მის საწინააღმდეგოდ თქვას, რომ ,,მას ეშინია ახალი იდეების.” ერთი კანდიდატი შეიძლება ამბობდეს: _ ,,ეს პოლიტიკა ეკონომიურ აღმავლობამდე მიგვიყვანს.“ მისი ოპონენტი კი შეიძლება შეეწინააღმდეგოს: _ ,,ეს პოლიტიკა საზიანოა გარემოსათვის.“ ხშირ შემთხვევაში ორივე მართალს ამბობს _ ერთი და იგივე პოლიტიკა შეიძლება ეკონომიკისათვის კარგი აღმოჩნდეს, მაგრამ გარემოსთვის _ საზიანო. ასეთ დროს ფორმის დამაჯერებლობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ბიოგრაფია (Tversky & Kahneman, 1981; Vaughan & Seifert, 1992). ამგვარად, გადაწყვეტილების მიღებაზე გამონათქვამის ფორმულირების გავლენის ცოდნა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რა განაპირობებს მსგავს სიტუაციებში ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღებას. თუ თქვენ სხვა ადამიანების ქცევის გაგების სურვილი გაქვთ, შეეცადეთ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოახდინეს ამ ადამიანებმა გადაწყვეტილების ფორმირება.

გადაწყვეტილებისთვის თავის არიდება (ავერსია) (Decision aversion) _ გადაწყვეტილების მიღებისაგან თავის არიდების ტენდენცია; რაც უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, მით მეტია მისგან განრიდების ალბათობა.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დიდი შრომის შემდეგ სხვადასხვა კუთხით შეაფასეთ ალტერნატივები. რა მოხდება შემდეგ? შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ არ გინდათ გადაწყვეტილების მიღება.

მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებებისა, ადამიანთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელია გადაწყვეტილების მიღების თავიდან აცილების საკმაოდ ძლიერი ტენდენცია, რაც განპირობებულია რამდენიმე ფსიქოლოგიური ფაქტორის ზემოქმედებით (Bettie et al., 1994):
 ადამიანებს არ უყვართ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლის შედეგადაც ზოგს ექნება მეტი სასურველი კეთილდღეობა, ზოგს კი – ნაკლები;
 ადამიანებს შეუძლიათ, წინასწარ განჭვრიტონ, როგორ ინანებენ, თუ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი უფრო ცუდი აღმოჩნდება, ვიდრე ის, რომელიც მათ არ გააკეთეს;
 ადამიანებს არ სურთ, პასუხისმგებელნი იყვნენ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც შეიძლება ცუდი შედეგი ჰქონდეს;
 ადამიანებს არ მოსწონთ გადაწყვეტილების მიღება სხვების მაგივრად.
იმ პირობების განსაზღვრის მიზნით, რომლებშიც ადამიანები ეძებენ გადაწყვეტილებას, შეგვიძლია ამ უკანასკნელი დებულების საპირისპიროს ფორმულირება. რამდენადაც ადამიანებს არ უყვართ გადაწყვეტილების მიღება, ისინი უკეთ გრძნობენ თავს, თუ ამას მათ მაგივრად სხვა გააკეთებს. ეს ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ. შეეცადეთ, თვითონ გადაწყვიტოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემები. ნუ დაარწმუნებთ საკუთარ თავს იმაში, რომ ძალიან რთული პრობლემის წინაშე დგახართ და არ შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება. ძირითადად იქონიეთ თქვენს კოგნიტურ პროცესებზე დამყარებული მსჯელობების იმედი და გამოიყენეთ ისინი შესაფერისი არჩევანის გასაკეთებლად!
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილეთ სხვადახსვა კოგნიტური პროცესი _ პრობლემის გადაჭრა, აზროვნება, მსჯელობა და გადწყვეტილების მიღება _ და ვიმედოვნებთ, რომ თქვენ დაფიქრდებით იმ სიხარულზე, რომელსაც ეს უნარები განიჭებთ. შეეცადეთ, იფიქროთ თქვენი აზროვნების შესახებ, დაასაბუთეთ თქვენი არგუმენტები და ა.შ. თქვენ ასახავთ ადამიანური ყოფის არსს.
შეჯამება

მსჯელობაზე ჩატარებული გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები უფრო ხშირად ეყრდნობიან ევრისტიკულ და არა ფორმალურ ანალიზს. ევრისტიკის ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ ადამიანები აკეთებენ დასკვნას იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც თავისუფლად მისაწვდომია მეხსიერებაში. ევრისტიკის რეპრეზენტატულობის მიხედვით, დასკვნა ემყარება ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის ამა თუ იმ კატეგორიის არსებითი ნიშნების განსაზღვრას. ღუზის ევრისტიკის მიხედვით, ადამიანების მსჯელობის შეფასების დაზუსტება საწყისი სიდიდიდან გამომდინარე ხდება. კითხვის ფორმა გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე. მკვლევრები თვლიან, რომ გადაწყვეტილების სირთულე განაპირობებს გადაწყვეტილებისადმი ანტიპატიურ დამოკიდებულებას.

Advertisements
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: